ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" იხსნება თბილისელ სომეხ მხატვართა გამოფენა "არტ-ხიდი".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისელი სომეხი მხატვრების 120 ნამუშევარი.
გამოფენასთან ერთად გაიმართება თბილისელ მხატვართა ნამუშევრის ალბომის პრეზენტაცია.
ასევე დაგეგმილია ლექციების ციკლი: სომეხი მხატვრების როლი ქართულ ხელოვნებაში, ა. ბ. პირადოვის კოლექციის მნიშვნელობა (მომხსენებელი ხელოვნებათმცოდნე დ. ლებანიძე), გაიანე ხაჩატურიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოგონებები (მომხსენებელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მ. მეძმარიაშვილი); ნაჩვენები იქნება ფილმი რეჟისორ ს. ფარაჯანოვის შემოქმედების შესახებ, ინსტრუმენტული ტრიო "ბრავო" შეასრულებს კომპოზიციას "თბილისური მოტივები".
5 მაისს გამოფენა უმასპინძლებს საჯარო სკოლის მოწაფეებს და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს. ბავშვებისათვის გაიმართება გარი დავტიანის სახელოსნოს მარიონეტების ჩვენება. მოკლე ლანჩის შემდეგ პოეტი და მთარგმნელი გ. შახნაზარი, ისაუბრებს თბილისური ეზოების ხიბლზე. თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის პედაგოგი გ. ქლიბაძე გაუძღვება მასტერკლასს და ბავშვების მიერ იქვე სახელდახელოდ შესრულებული ნამუშევრების კონკურსს თემაზე _ "ჩემი ეზო - ჩემი მეგობრები". სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გამოავლენენ საუკეთესო ნამუშევრებს და დააჯილდოებენ გამარჯვებულებს.