საქართველოს საბანკო სისტემა დღეიდან საერთაშორისო ფორმატის საბანკო ანგარიშის ნომერის IBAN-ს მიუერთდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, IBAN-ი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გადარიცხვების დროს გამოიყენება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს საბანკო სექტორში IBAN ანგარიშების გამოყენება გადარიცხვის საკომისიო თანხის ოდენობას, გადარიცხვისთვის საჭირო დროს ამცირებს. ამასთან, მცირდება რისკები, ვინაიდან მინიმუმამდეა დაყვანილი ანგარიშის ნომრის შეცდომით მითითების ალბათობა.
IBAN ანგარიშის ნომრის მისაღებად კომერციულ ბანკში ანგარიშის უნდა გაიხნას, ასევე შესაძლებელია უკვე გახსნილი ანგარიშისთვის IBAN ანგარიშის ნომრის მოთხოვნა. IBAN ანგარიშების ფორმატი 22 სიმბოლოსგან შედგება - GEკკ BBNN NNNN NNNN NNNN NN. GE (2) - ქვეყნის კოდი; კკ (2) -საკონტროლო გასაღები; BB (2) - ბანკის კოდი; N (16) - ანგარიშის ნომერი.
საბანკო ანგარიშების IBAN ფორმატით გამოყენების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის 2010 წლის 4 თებერვალს გაფორმდა.
ამჟამად IBAN ანგარიშებს ნორვეგია, ბელგია, დანია, ფინეთი, ნიდერლანდები, მაკედონია, სლოვენია, ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ხორვატია, ლატვია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია, ბულგარეთი, გერმანია, ირლანდია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, გაერთიანებული სამეფო, გიბრალტარი, ისრაელი, ანდორა, ჩეხეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, საუდის არაბეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ესპანეთი, შვედეთი, ტუნისი, პორტუგალია, ისლანდია, თურქეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, მონაკო, სან მარინო, ალბანეთი, კვიპროსი, უნგრეთი, ლიბანი, პოლონეთი, მაურიტუსი და მალტა იყენებენ.