განსაკუთრებით დიდი ოდენობის იმპორტულ ტვირთზე გამოწერილი ყალბი საბაჟო გადასახადების დამადასტურებელი საბანკო ქვითრების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულეობრივი ჯგუფის წევრები: რამინ ჩოგაძე, მერაბ გორგაძე, მურმან ლაღაძე და სამართალდამცველების მიერ ძებნილი ზურაბ ზოიძე.
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულებს თურქეთიდან საქართველოში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საბაჟო წესების დარღვევით ყალბი საანგარიშსწორებო ბარათების დამზადების გზით შემოჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის საქონელი. ჯგუფის წევრებს ფუქნქციები გადანაწილებული ჰქონდათ: ჩოგაძე და ზოიძე უკავშირდებოდნენ მათთვის სანდო პიროვნებებს, რომელთა სახელზეც შემოჰქონდათ აღნიშნული ტვირთი; გორგაძის და ლაღაძის მიერ კი ხორციელდებოდა განბაჟების პროცესში საბაჟო გადასახდელების დამადასტურებებლი ყალბი ქვითრების დამზადება.
სამართალდამცავების განცხადებით, აღნიშნულმა ჯგუფის წევრებმა 2008 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული უკანონო ოპერაცია განახორციელეს, დამზადეს ყალბი დოკუმენტაცია დაახლოებით 1 500 000 ლარის პროდუქციაზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, დაახლოებით, 300 000 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 214-ე მუხლებით, რაც შესაბამისად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე და ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.