საფრანგეთი აშშ-ს მექსიკის ყურეში, ნავთობის ჭაბურღილის ჩაძირვის გამო გამოწვეული ეკოლოგიურ კატასროფის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს გრანდიოზული კატასტროფაა, ჩვენ მზად ვართ ამერიკელებს დავეხმაროთ, საფრანგეთს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს, გვყავს შესაბამისი სპეციალისტებიც, თუმცა ამერიკული მხარისგან, ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა ჯერ არ მიგვიღია", - განაცხადა კუშნერმა.
როგორც ცნობილია, მექსიკის ყურეში, "ბრიტიშ პეტროლიუმის" ჭაბურღილი 22 აპრილს ჩაიძირა, მანამდე ჭაბურღილს რამდენიმე დღის განმავლობაში ცეცხლი ეკიდა. ნავთობის მოსაპოვებელ სადგურზე მომუშავე 11 მუშა ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, მაშველების განცხადებით, შანსი იმისა, რომ მუშები აფეთქებას ცოცხლად გადაურჩნენ, ძალიან მცირეა.
ჩაძირული ჭაბურღილი საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკოლოგიას. წყალში ყოველდღიურად 5 ათას ბარელზე მეტი ნავთობი იღვრება. ექსპერტების განმარტებით, რთულია იმის თქმა, თუ როდემდე გაგრძელდება გარემოს დაბინძურება. ამასთან, ეკოლოგების განცხადებით, აშშ-ს მსგავსი მასშტაბის ეკოლოგიური კატასროფა 50 წლის განმავლობაში არ ახსოვს - 1964 წელს ფილადეფიაში მდინარე მისისპიზე ჭაბურღილი აფეთქდა, რომელსაც 126 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყნის ეკოლოგიას უდიდესი ზიანი მიადგა.
ლუიზიანის გუბერნატორის მოთხოვნით, აშშ-ის სამხედრო მდივანმა რობერტ გეიტსმა ადგილზე 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. ამასთან, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე პრეზიდენტი ობამაც ჩავა. თეთრი სახლის ოფიციალური პირები "ბრიტიშ პეტროლიუმს" მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისაკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, კატასტოფა სწორედ "ბრიტიშ პეტროლიუმის" თანამშრომლების დაუდევრობის ბრალია.
ნავთობპროდუქტების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით (International Petroleum Industry Environmental Conservation Association), ამ ეტაპზე თევზების, ფრინველების და ცხოველების მასიური სიკვდილიანობა არ დაფიქსირდება, მაგრამ თუ მდგომარეობა უახლოეს მომავალში არ გამოსწორდება ამ მიმართულებით კატასტროფა გარდაუვალი იქნება.
ამერიკელი ექსპერტების ვარაუდით, მექსიკის ყურეში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ ეკოლოგიურ კატასტროფად შეფასდეს.