საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად, 96 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები შტატგარეშე მოსამსახურეების პოზიციებზე, პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამსახურის მონაცემთა არქივირების განყოფილებაში, სამისამართო და არქივის სამსახურებში დასაქმდებიან. მათი ფუნქცია საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება: ანალიზი, აღრიცხვა, ციფრულ ფორმატში გადატანა იქნება. დასაქმებულები ანაზღაურების სახით 500 ლარს მიიღებენ.
კონკურსის მთავარი მოთხოვნა უმაღლესი განათლებაა და იგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება − IQ და სამართლის ტესტების შემდეგ შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან. ვაკანსიების მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.hr.gov.ge.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასაქმების მსურველებს ხშირად აძლევს სამუშაო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, ქმნის მათთვის ჯანსაღ კონკურენციას და უზრუნველყოფს ორგანიზაციაში დასაქმების ხელმისაწვდომობას. პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სააგენტო დასაქმებულებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს უქმნის.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამჟამად 1300 ადამიანია დასაქმებული.