ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, კრემლმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოწყობის ახალი პოლიტიკა შეიმუშავა.
"კრემლმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ახალი პოლიტიკა შეიმუშავა და ეს არის მეზობელი სახელმწიფოების ფედერალური მოწყობა. თუ რუსეთი აღნიშნულ გეგმას განახორციელებს, მოსკოვი ფედერაციებში საკუთარ აგენტებს ჩასვამს და ეს მას საშუალებას მისცემს სახელმწიფო პოლიტიკა საკუთარი სურვილით წარმართოს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სესიაშვილმა.
ექსპერტის განცხადებით, ფედერალიზმის საკითხს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაშიც განიხილავდა, თუმცა ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას.
"ვფიქრობ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობა და პოლიტიკური ძალები უნდა ჩამოყალიბდნენ, როგორ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას და დასავლეთისკენ სწრაფვას. რეალურად, ის პოლიტიკა, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება 2004 წლიდან ახორციელებს, პირველ რიგში, რუსეთს ხელს აძლევს. ჩვენ ამის მომსწრენი ვართ და ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. სააკაშვილის არასწორმა, დამღუპველმა პოლიტიკამ რუსეთს აფხაზეთი და ოსეთი რუსეთს ჩააბარა და ფაქტობრივად აიძულა ეღიარებინა. არასტაბილური ვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაშია, შექმნილი პირველ რიგში კრემლის ინტერესებში შედის და არაფერი კეთდება ერის კონსოლიდაციისთვის", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისი თქმით, ერის კონსოლიდაცია "სააკაშვილის გარშემო წყლის დასხმით" არ უნდა შემოიფარგლოს, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და მათი პოლიტიკური შეხედულებების პატივისცემა.