ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, თუ კრემლის ქმედებებზე უკრაინელი ხალხი შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ ეს ძალიან ცუდად დასრულდება.
"კრემლმა უკრაინაში სერიოზული "დესანტი" გადასხა, რომლის სათავეში ვიქტორ იანუკოვიჩი დგას. ახლა კი, როგორც ჩანს მისი თანაპარტიელები, უკრაინის დაშლას იწყებენ, რომ მოსკოვმა მარტივად მართონ. გათიშე და იბატონეს პოლიტიკა გრძელდება და ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშია",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
მისი შეფასებით, უკრაინის მოსახლება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოლოდინი ჰქონდათ, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მაგრამ რუსეთისთვის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელება წმინდა წყლის ანტიუკრაინული ქმედება იყო და თუ უკრაინელმა ხალხმა შესაბამის პასუხი არ გასცა, მაშინ ყოველივე ძალიან ცუდად დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერი რეგიონალური პოლიტიკის საკითხებში ვიქტორ ტიხონოვი უკრაინის ფედერალიზაციის ინიციატივით გამოდის.
"თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერიტორიული ორგანიზაციის მოწყობის მრავალი საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ თანამედროვე მოდელი ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს", _ აცხადებს ტიხონოვი.
უკრაინის ვიცე-პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ ამოცანის გადაწყვეტა, მთავრობის წევრების წინაშე პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დააყენა. თუმცა, მისივე თქმით, ეს ერთი თვის საქმე არ არის.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს რეგიონების პარტია აცხადებდა, რომ მზადაა უმაღლეს რადაში კონსტიტუციის ცვლილებების უკვე მზა პროექტი შეიტანოს, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს.
უკრაინის კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით, უკრაინა უნიტარული სახელმწიფოა.