ხვალ, 30 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, "ფოლკ" რადიო და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოადგენს რადიოფესტივალის გალაკონცერტს. მონაწილეობენ "საოჯახო ფოლკლორული ანსამბლების რადიო-ფეტსივალის" გამარჯვებული ოჯახები. ფესტივალის მონაწილე ოჯახებისთვის სავალდებულო იყო ხალხური სიმღერის შესრულება.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი, ეთნომუსიკოლოგი თამაზ გაბისონია, ეთნომუსიკოლოგი ნუნუკა შველიძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილის მფლობელი გახდა მამნიაშვილების ოჯახი. მას რადიო ჩაუწერს დისკს; II ადგილი _ გოგოჭურები; III ადგილი _ არველაძეები. ნომინაციაში ქალაქური ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელი გაიმარჯვა ღლონტების ოჯახმა, მსმენელთა სიმპათია გახდა ხუნწარიების ოჯახი.
კონცერტზე ოჯახები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან. ამ დღესვე მოხდება მათი დაჯილდოება.