ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეამ სტალინის რეჟიმის მიერ უკრაინელების შიმშილით მასობრივი დახოცვის ფაქტი გენოციდად არ აღიარა.
აღნიშნული შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სადაც საუბარია საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ადამიანების მასობრივი შიმშილით დახოცვაზე.
ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ "შიმშილი რომელიც 1930 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირში დაიწყო, ევროპის ისტორიის XX საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. მილიონობით ადამიანი ბელორუსში, ყაზახეთში, მოლდოვაში, რუსეთში და განსაკუთრებით, უკრაინაში სტალინის სასტიკი და არაჰუმანური პოლიტიკის გამო გამო დაიღუპნენ", - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მასობრივი შიმშილის გამო განსაკუთრებით უკრაინა დაზარალდა, საბოლოოდ კი ეს ტრაგიკული შემთხვევა ცნობილია, როგორც "გოლოდომორი" (პოლიტიკურად მოტივირებული შიმშილი).
ამასთან, ევროსაბჭო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელიც მასობრივი შიმშილით დაღუპული ადამანების ხსოვნის პატივსაცემად ნაციონალური დღეს დაარსებს და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს უკრაინის მაგალითს მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ მასიური შიმშილობამ 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში.
არსებობს მოსაზრება, რომ გოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ ასევე ამტკიცებენ, რომ გოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.
2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია.
2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც გოლოდომორი ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო.