სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკომ ზაურ არძინბას ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. ზაურ არძინბა 59 წლისაა. 1994 წლიდან მოყოლებული იგი ე.წ. სახელმწიფო კომპანიას "აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს" ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად უკვე წარდგენილნი არიან: აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა, ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა.
ე.წ. პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატების წამოყენების უფლება აფხაზეთის ე.წ. ცესკოში 2 ნოემბრამდე გასტანს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს 35 ოლქში ანუ 186 საარჩევნო უბანში გაიმართება. კიდევ ორი საარჩევნო უბანი შექმნილია მოსკოვსა და ჩერკეზკში.