"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტის სოციალური ნაწილის ვადებმა შესაძლოა გადმოიწიოს. აღნიშნულ საკითხზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობა მსჯელობდა.
დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განმარტა,რომ მათი ალტერნატივის მიხედვით, კანონის დიდი ნაწილი 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო კანონის ის ნაწილი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებისთვის საპენსიო დანამატის მიცემას, ხოლო პედაგოგებისთვის სახელფასო დანამატის მიცემას შეეხება - 2016 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა ძალაში.
"მიმდინარე წლის სექტემბერში პენსიონერებს პენსია სიმბოლურად ეზრდებათ. ლოგიკური იქნება, მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებს გაეზარდოთ პენსია მომავალი წლის სექტემბერში, 20%-იანი დანამატის სახით. სასწავლო წელი სექტემბრის თვეში იწყება. გამომდინარე აქედან, ასევე ლოგიკური იქნება ამის მიბმაც. საპენსიო დანამატის გაცემა მაღალმთიანი რეგიონების 76 ათასი პენსიონერისთვის მხოლოდ 9-მილიონი ლარია, რომელიც ბიუჯეტიდან დამატებით უნდა გამოიყოს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
საკითხის წარმდგენმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა ფინანსთა სამინისტოს მონაწილეობით კონსულტაციების გამართვის ინიციატივა წამოაყენა.
,,კანონის ამოქმედების გარკვეული თარიღები ისედაც გადმოწეულია და ფაქტობრივად, პროექტით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ამოქმედების ვადები 2016 წლის 1-ელი იანვრიდან იწყება და 2017 წლის 1-ელ სექტემბერს სრულდება. "პაკეტის ამოდების ვადები გაწერილია 20 თვეზე, რაც არის ამბიციური გეგმა", - აღნიშნა შერგელაშვილმა.
პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტს იხილავს.