ევროკავშირი საბერძნეთის ხელისუფლებისგან ახალ შეთავაზებას ელის. რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ბრიუსელში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკიმ გამართა. მისი თქმით, საბერძნეთის ადგილი ევროზონაშია.
დომბოვსკიმ განაცხადა ასევე, რომ მოლაპარაკებების განახლებისთვის საჭიროა მანდატი ევროჯგუფისგან. მან იმ დახმარებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საბერძნეთმა ევროკავშირისგან 2010 წლის შემდეგ მიიღო.
"რეფერენდუმზე გატანილი შეკითხვა არ იყო სამართლებრივად კორექტული. მისი არსი დანარჩენი ევროპისთვის პოლიტიკური მოტივის გაგზავნას ითვალისწინებდა. ახალი დიალოგის დასაწყებად ევროკომისიას ევროპის მანდატი სჭირდება. ფინანსთა მინისტრის გადადგომა კი საბერძნეთის შიდა საქმეა," - აცხადებს ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი.
,,ბიბისის” ინფორმაციით კი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესსპიკემა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ საბერძნეთთან მოლაპარაკებების კარი კვლავ ღია რჩება, თუმცა, ამ ეტაპზე მისი დაწყება მათ არ შეუძლიათ. ბერძენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებების დაწყების პირობები, დახმარების ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, არ არის დაკმაყოფილებული.
"როიტერის" ინფორმაციით, ესპანეთის მთავრობა მზად არის საბერძნეთისთვის მესამე საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ესპანეთის ეკონომიკის მინისტრმა, ლუის დე გინდოსმა განაცხადა.
საბერძნეთის მთავრობას შექმნილი კრიზისის შესახებ ევროზონის ლიდერებთან მორიგი მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრას მართავს. პარალელურად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მსჯელობენ თავად ევროზონის ლიდერებიც.
განახლდება თუ არა მოლაპარაკებები საბერძნეთთან, ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სპეციალურ სხდომას ევროჯგუფის წარმომადგენლები გამართავენ.
ხვალ საღამოს 6 საათზე ბრიუსელში საგანგებო სამიტი გაიმართება.