მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყაია გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ადვოკატი აცხადებს, საქმის გახსნას ყოველდღიურად ელოდება.
მისივე თქმით, პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობს.
,,ჯერჯერობით, პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ მართლა ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ ყველასთვის საინტერესო შედეგი, განსაკუთრებით ოჯახისთვის”, _აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე - როდის უნდა ველოდოთ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგს, ადვოკატი განმარტავს:
,,ყოველ წუთს ველოდებით”, _აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება სავარაუდო მკვლელის იდენტიფიცირებას, რომლის ფოტოებიც მედიაში გავრცელდა, მალხაზ სალაყაია აცხადებს:
,,ამ შედეგებს გაგვაცნობენ მაშინ, როცა პირი ეყოლებათ. Aამიტომ ცდომილების თავიდან ასაცილებლად უნდა დაველოდოთ პროკურატურის მიერ გამოვლენილ პიროვნებას”, -აცხადებს სალაყაია.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენს, 28 მარტს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით, გადაუდებელი მედიცინის ცენტრში დაიღუპა.
პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას.
ცოტა ხნის წინ კი მედიაში მკვლელის სავარაუდო ფოტოც გავრცელდა, რომლის თანახმად, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის, პროკურატურა ეროვნებით ჩეჩენ მამაკაცს ეძებს.
ფოტოებში ჩანს, რომ კიბეებზე ჩასვლისას, პიროვნება იხდის შავი ფერის ქურთუკს და მას მეორე მხრიდან - ლურჯი ფერის მხრიდან იცვამს. გავრცელებული ინფორმაციით, 2 აპრილს ხარძიანს სწორედ შავ ქურთუკში ჩაცმულმა მამაკაცმა ესროლა და მან საქართველო თბილისი-კიევის რეისით დატოვა.