28-29 აპრილს, ჟურნალ "ტაბულას" პატრონაჟით, "თბილისი - მარიოტის" საგამოფენო დარბაზ "შარდენ გალერეაში" საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი მხატვრების, მოქანდაკეების ნამუშევრები და ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები. მათ შორისაა ქეთი მატაბელი, ნიკოლოზ ხერკელიძე, ირაკლი წულაძე, გია ჯაფარიძე, ანატოლი რიაბიშენკო, და სხვები. სულ გამოფენილი იქნება 40-მდე ექსპონატი.
გამოფენილ ექსპონატთა ღირებულება 100 ლარიდან 1200 ევრომდე მერყეობს.
საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად მომხარდება 17 წლის ჯაბა მურცხვალაძის ჯანმრთელობას, რომელსაც ჰიდროცეფალიის დიაგნოზი დაუსვეს. ჯაბას ოპერაციის ღირებულება 40 ათას ევროს აღემატება, თუმცა მიუნხენის ბავშვთა ნეიროქირურგიის კლინიკის ექიმებმა უარი თქვეს საკუთარ ჰონორარზე და ოპერაცია დღეს დღეობით 10 ათასი ევრო ჯდება.
საქველმოქმედო ღონისძიების პარტნიორები არიან "თელიანი ველი", "თბილისი მარიოტი" და გალერეა შარდენი.