ექსპერტ კახა გოგოლაშვილის განცხადებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ყოფნის ვადის გახანგრძლივებით მოსკოვმა კიევის შანტაჟის შესაძლებლობა შექმნა, რომლითაც უკრაინის პოლიტიკურ კურსს სურვილისამებრ განსაზღვრავს.
"უმაღლესი რადას მიერ შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირება სერიოზული შეცდომაა. ადრე თუ გვიან, ქვეყნის არსებული ხელისუფლება შეიცვლება და ამ შეთანხმების დენონსირება სერიოზული პრობლემა გახდება", - განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" უმაღლესი რადას მიერ აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირებაზე კომენტირებისას.
მისი განმარტებით, ყველაზე დიდი უარყოფითი შედეგი, რასაც უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ყოფნის ვადის გახანგრძლივებით მიიღებს, ის არის, რომ სევასტოპოლში და ყირიმში რუსული გავლენა კიდევ ძალიან დიდი ხნით შენარჩუნდება.
"მოსკოვისთვის ამ დოკუმენტის გაფორმება არის შანტაჟის შესაძლებლობა, რომლითაც ის პრაქტიკულად უკრაინის პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს და ბერკეტი, რომლის საშუალებითაც მას ყოველთვის შეეძლება უკრაინის წინააღმდეგ (თუკი კიევი ნებისმიერი ისეთი პოლიტიკის გატარებას შეეცდება, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელი არაა), როგორც საკუთარი ხალხის, ისე რეგიონის აჯანყება", - განმარტავს ექსპერტი.
გოგოლაშვილის თქმით, აღნიშნულს არაა პირველი უარყოფითი შედეგი, რომელიც უკრაინელებმა იანუკოვიჩის არჩევით მიიღეს.
"პირველი უარყოფითი შედეგი იყო ნატო-უკრაინის კომისიის გაუქმება, შემდეგ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა რუსეთთან სამხედრო სფეროში - შეიარაღების განახლების დარგში ითანამშრომლებს, ამას ემატება ისიც, რომ უკრაინაში გამდიდრების ერთობლივი ქარხნის აშენების შესახებ გაცხადდა. ასეთი განცხადებებითა და ნაბიჯებით კიევი მოსკოვს უახლოვდება, რითაც შესაბამისად, მისი დასავლეთთან დისტანცირება ხდება", - განმარტავს გოგოლაშვილი.
რაც შეეხება უკრაინის უმაღლესი რადის შენობის წინ მიმდინარე აქციას, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ იანუკოვიჩის მთავრობამ მის დასაშლელად ძალა გამოიყენოს.
"იანუკოვიჩის მთავრობა მაგალითს ყველაფერში რუსეთის მთავრობიდან აიღებს. რუსეთის მთავრობა კი, როგორც ვიცით, ძალიან ადვილად იყენებს ძალას ნებისმიერი სახის დემონსტრაციის აღსაკვეთად. ასე რომ, თუ უკრაინის რადასთან მიმდინარე დემონსტრაცია უფრო დაძაბულ ხასიათს მიიღებს, იანუკოვიჩის ხელისუფლება მას თვალისდახამხამების გარეშე ჩაახშობს", - განუცხადა ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის 2042 წლამდე გაგრძელების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის საპროტესტოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ უკვე რამდენიმე საათია აქცია მიმდინარეობს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, მილიციამ მომიტინგეების დაკავება დაიწყო.