ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, უკრაინელი დემონსტრანტების აქტივობა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ყოფნის ვადის გახანგრძლივების შესახებ რატიფიცირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ვერაფერს შეცვლის.
"უმაღლესმა რადამ უკვე მოახდინა შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირება და დემონსტრანტების აქტიურობით არაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, რუსეთი იქ 2042 წლამდე დარჩება. აქედან გამომდინარე, უკრაინის ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ რადასთან მიმდინარე აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ვფიქრობ, ის უნდა ჩააცხროს", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
აღსანიშნავია, რომ უკრაინა-რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, ექსპერტი მაინც ვარაუდობს, რომ იანუკოვიჩს როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთთან დაბალანსებული პოლიტიკა ექნება.
"ამას მაფიქრებინებს ბრიუსელში იანუკოვიჩის პირველი ვიზიტი და ასე ვთქვათ, დასავლეთ-ევროპულ პოლიტიკურ ელიტასთან მისი კულუარული კონტაქტები", - განმარტავს არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის 2042 წლამდე გაგრძელების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის საპროტესტოდ, საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, მილიციამ მომიტინგეების დაკავება დაიწყო.