დღეს, 27 აპრილს, 19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ლია ბედოშვილის საბავშვო წიგნის "საუფლო ამბები" პრეზენტაცია. ილუსტრაციების ავტორია მხატვარი ლიზა ჩქარეული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი დაიწერა სრულად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით. მასში ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემულია მოთხრობები 7 ხორციელ მოწყალებაზე: მშიერთა დაპურება, მწყურვალთა დაწყურება, შიშველთა შემოსვა, უცხოთა შევრდომა, სნეულთა მოკითხვა, პატიმართა მიხედვა და მიცვალებულთა დამარხვა.
ეს წიგნი არაა პირველი ავტორისთვის, მანამდე მას გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და საბავშვო ზღაპრები.
საღამოზე გამოფენილი იქნება ლიზა ჩქარეულის მინიატურები. ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ მწერლები, პოეტები, ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები.