პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა და დეპუტატები სხდომაზე დასწრების მიზნით, ქუთაისში უკვე მიემგზავრებიან.
„საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტის, მთავარსარდალის მიერ ხდება შეიარაღებული ძალების გამოყენება ისეთ ვითარებაში, რომელიც შექმნილია საქართველოში. ეს საომარი ვითარება არ არის, მაგრამ არის საგანგებო ვითარება, როდესაც სტიქიური უბედურების დროს შესაძლებელია, შეიარაღებული ძალები იქნეს გამოყენული ლიკვიდაციისთვის. პრეზიდენტისგან დოკუმენტები დღეს დილით მივიღეთ და სხდომა 18:00 საათზე გაიმართება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თხოვნა გაითვალისწინა და საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განკარგულება გამოსცა. პრეზიდენტმა ასევე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი გამოაქვეყნა. საკანონმდებლო ორგანო სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასახვა ქვედანაყოფების ჩართვაზე იმსჯელებს.