ხვალ, 16 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ევროპის საბჭოს სემინარი - “სტამბოლის კონვენცია - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ გაიხსნება.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქალებზე ძალადობის შესახებ ძირითადი მომხსენებელი, საჰიბა გაფაროვა.
სხდომის პირველი ნაწილი სტამბოლის კონვენციის და პოლიტიკურ და სამართლებრივ
ჭრილში მისი მნიშვნელობის პრეზენტაციას დაეთმობა. აღნიშნულ თემაზე მომხსენებელთა შორის არიან ბელგრადის სინგიდუნუმ უნივერსიტეტის პროფესორი და კონვენციის პროექტზე მომუშავე კომიტეტის (CAHVIO) ყოფილი წევრი, ჯორდანა გასმი და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე სხილაძე.
სემინარის მეორე ნაწილში განხილული იქნება ოჯახში ძალადობის კუთხით სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის კონვენციასთან მისადაგების საკითხი, რომელზეც ისაუბრებენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და არადისკრიმინაციის კომიტეტის წევრი, გუგული მაღრაძე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ყოფილი წევრი თინათინ ბოკუჩავა, გენდერული სამართლიანობის თავმჯდომარე, რუსუდან კერვალიშვილი და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე, ნატო შავლაყაძე. სემინარის ბოლო, დასკვნითი ნაწილი პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხედულებების გაზიარებას ითვალისწინებს.
აღნიშნული პანელის მომხსენებლები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მანანა კობახიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე.
სემინარის დასრულების შემდეგ, 16:00 საათზე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და არადისკრიმინაციის კომიტეტის წევრის, გუგული მაღრაძისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქალებზე ძალადობის შესახებ ძირითადი მომხსენებლის, საჰიბა გაფაროვას ერთობლივი პრესკონფერენცია.