29 აპრილს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში საერთაშორისო პრემია "ვარსკვლავის" ლაურეატების დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართება.
ცნობილმა შვეიცარელმა იუველირმა ჟილბერ ალბერმა და პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ახალგაზრდა ნიჭიერი მოცეკვავეებისთვის (25 წლამდე) დააარსეს საერთაშორისო პრემია "ვარსკვლავი". პრემიის გაცემა წელს მეორედ ხდება.
დაჯილდოების პირველი ცერემონიალი და გალაკონცერტი 2008 წლის 24 აპრილს გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. პრემიის პირველი ლაურეატები გახდნენ ევგენია ობრაზცოვა (მარიის თეატრი, სანკტ-პეტერბურგი და ლაშა ხოზაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოილიტი, ამჟამად სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი)
შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართება პრემიის ლაურეატების დაჯილდოება და გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პრემიის ნომინანტები - ამერიკის ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე დევიდ ჰოლბერგი და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი ნინო გოგუა. გალაკონცერტში, ლაურეატებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და თბილისის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტები.