ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი ვითარების შესახებ რეზოლუციის მიღება რუსეთმა დაბლოკა.
"ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, ეს რუსეთის გავლენაა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოში ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელის დევიდ უილშირის ვიზიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. უნდა აღინიშნოს, რომ ახლა რუსეთი მარსზეა და ჯერჯერობით ყველგან თავის გააქვს, როგორც ევროპასთან, ასევე აშშ-სთან მიმართებაში", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ.
ექსპერტის შეფასებით, 2010 წელის მსოფლიოში რუსეთის წელია და მათი დიპლომატები იმდენად "კარგად მუშაობენ", რომ ევროსაბჭოში რეზოლუციის შეჩერებაც კი მოახდინეს.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუსეთ-საქართველოს საკითხზე რეზოლუციას აღარ მიიღებენ.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ვითარებაზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა რეზოლუციის ერთიანი ტექსტის მომზადებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ თავდაპირველად გადაწყდა, რომ მომხსენებლები რეზოლუციის ორ ალტერნატიულ ტექსტს - მათიას იორშისა და დევიდ უილშირის მოხსენებებს ცალ-ცალკე განიხილვდნენ.
თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დევიდ უილშირის მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩთან ვიზიტი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ამით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საერთაშორისო პრინციპები დაარღვია, უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა და 25 აპრილს, კვირას ევროსაბჭოს კომიტეტის სხდომა დაინიშნა.
სხდომაზე გადაწყდა, რომ დევიდ უილშირის სეპარატისტების ე.წ. ელჩთან ვიზიტი საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო, ამიტომ საპარლამენტო სესიაზე რეზოლუციის ტექსტის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.