საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განმარტა თავისი სკანდალური განცხადება ადამიანების დასაქმებასთან დაკავშირებით. მისი განმარტება „რეაქციის“ ეთერში გაჟღერდა.
„ის რაც ვთქვი არანაირი მკრეხელობა არ არის, ეს არის რეალობის ასახვა. დასაქმება ხელოვნური პროცესი ვერ იქნება. ეკონომიკის სწრაფი ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ხელისუფლებაზე. როდესაც ლაპარაკია დასაქმებაზე, პროფესია უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკის შესაფერისი. ამას ემსახურებოდა ჩემი ნათქვამი, რომ ადამიანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და საბაზრო მოთხოვნებისადმი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ეს ადამიანი, როგორც წესი სამსახურს შოულობს“, - განაცხადა პარლამენტარმა.
ამასთანავე გუგული მაღრაძემ მოუწოდა მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა პროფესიულ გადამზადების პროგრამაში და დეტალურად ახსნა საბაზრო ეკონომიკის პრინციპები.
„ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში და ადამიანები, რომლებიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არიან და მათი გადაწყვეტილების მიღებაზე დამოკიდებულია სად წავა მილიონობით ლარი, როგორ მოხდება ქვეყნის განვითარება, ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, რომ მან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას სასიკეთოდ წაადგება. ამ თვალსაზრისით, როდესაც ადამიანს აქვს მაღალი კვალიფიკაცია, მაღალი დონის მენეჯერია, მაღალი დონის ფინანსისტია და მუშაობს საჯარო სამსახურში, მას თუ არ ექნა შესაბამისი ანაზღაურება, არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები, სადაც შეიძლება ის გადავიდეს და საჯარო სამსახურში აღარ დაგვრჩეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ამას ემსახურებოდა ჩემი ნათქვამი, რომ ადამიანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და საბაზრო მოთხოვნებისადმი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ეს ადამიანი, როგორც წესი სამსახურს შოულობს",- განაცხადა მაღრაძემ.