ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ მსოფლიო სავაჭრო-სამრეწველო პალატების მეცხრე კონგრესში მონაწილეობს.
ამის შესახებ აფხაზური მხარე იტყობინება.
აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონგრესის პირველ დღეს მათ შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან და სავაჭრო პალატების მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან გამართეს.
აფხაზური მხარის მიერ მომზადებული პრეს-რელიზის მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია, რომელიც სავაჭრო პალატების მსოფლიო ფედერაციის წევრია, კონგრესში მონაწილეობის მისაღებად, სწორედ ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიწვია.
,,მონაწილეებს შორის აფხაზეთი ჩაწერილია, როგორც ქვეყანა. ჩვენ ამას მივაღწიეთ. იმ პუნქტში, სადაც მითითებულია, თუ საიდან არის ჩვენი დელეგაცია, პირდაპირ წერია: აფხაზეთი. ჩვენ შევხვდით ჩვენს კოლეგებს რუსეთიდან, დუბაიდან, ჰონგკონგიდან და ანტალიიდან და ჩვენს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განვიხილეთ.” - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გენადი გაგულია.
მისი თქმით, ასეთ ღონისძიებებში აფხაზეთის მონაწილეობა ხელს უწყობს დანარჩენი მსოფლიოსთვის აფხაზეთის კარგად გაცნობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
,,ჩვენ უკვე მესამედ ვიღებთ მონაწილეობას ამ კონგრესში. ვიყავით მექსიკაში, ჰონგკონგში და ახლა იტალიაშიც ვართ და ყოველ ჯერზე უფრო ცნობადები ვხდებით. ჩვენს მიერ გადადგმული ყოველი პოზიტიური ნაბიჯი ასევე პოზიტიურ როლს თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნების სიაში მაინც გვწერენ.” - აღნიშნავს ის.
გაგულიას განცხადებით, ტურინის მეცხრე მსოფლიო კონგრესზე თავი დაახოებით 850-მა მონაწილემ მოიყარა, რომელთა შორის ნაციონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები და მსხვილი ბიზნესემნებიც არიან.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატების მსოფლიო კონგრესი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში სხვადსხვა ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები, ბიზნესმენები, საწარმოთა ხელმძღვანელები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, ფინანსური ინსტიტუტებისა და ეკონომიკის სხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.