ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე რუსული გავლენის საკითხი, საზოგადოებრივი პროექტის damoukidebloba.com-ის ფარგლებში იქნა შესწავლილი, სადაც აღნიშნულია, რომ დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შექმნილი „გორჩაკოვის ფონდის“ მიერ დაფუძნებულ რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრს, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც, მათი შეფასებით, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევიან.
,,ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ორი ორგანიზაცია არის აღსანიშნავი - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. საინტერესოა, რომ თითოეული ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პარალელურად სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც არიან. მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“. ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები „საქინფორმი“ და „ივერიონი“. „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან, ერთად არის „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“.
ორგანიზაცია „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულია „ერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე პრო-რუსული რიტორიკით გამოირჩევა. არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც „პატრიოტი TV”. ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება, თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიულ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს.
აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი მათ შორისაა ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა”, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია “Русский Мир” საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. „გორჩაკოვის ფონდმა“ საქართველოში დააფუძნა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა” - ნათქვამია სამოქალაქო პლატფორმას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კვლევაში, ღია წყაროებზე დაყრდნობით, მიმოხილულია აღნიშნული და სხვა ორგანიზაციების საქმიანობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები.