საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამოცანებზე ისაუბრებს.
11-12 ივნისს თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვროცლავის გლობალურ ფორუმში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „ატლანტიკური საბჭო“ (Atlantic Council), ქ. ვროცლავის მერია და „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტი“ (PISM).
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვროცლავის გლობალურ ფორუმზე ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ამოცანებზე ისაუბრებს.
ფორუმს პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გჟეგოჟ სხეტინა გახსნიან. ფორუმში მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, წამყვანი პოლიტიკოსები და ექსპერტები.
ვროცლავის ფორუმზე განხილვის მთავარი თემა ევროპული და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა და უსაფრთხოებაა. წელს ღონისძიების მთავარი ფოკუსი რუსეთიდან მომდინარე გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალია. აღნიშნულ საკითხზე ფორუმის მთავარ მომხსენებლებად საქართველოსა და მოლდოვეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაკედონიის თავდაცვის მინისტრია წარმოდგენილი.
დისკუსიის „The Road to Europe?” ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგებსა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.
ვროცლავის ფორუმის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტის დღის წესრიგზე. 2015 წელს პირველად ფორუმის ფარგლებში გაიმართება - “Business Leadership Dialogue”, რომელზეც განიხილება ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციის საკითხები.
ვროცლავის ფორუმი წამყვანი ტრანსატლანტიკური კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნესწრეების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები.