ოკუპირებული აფხაზეთის ტოპონიმიკის საკითხების სპეციალისტებმა სამი ათასზე მეტი გეოგრაფიული ობიექტისთვის მოამზადეს პასპორტები, რომელთაც აფხაზური სახელები უნდა ,,დაუბრუნონ.”
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს აფხაზური გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა ლევარდ ბარციცმა განუცხადა.
მისი თქმით, საპასპორტო მონაცემებში ობიექტის კოორდინატების, მისი სახასიათო თავისებურებებისა და რელიეფის ფორმის შესახებ ცნობები, ასევე - რუსულ ენაზე ტოპონიმის ზუსტი ტრანსკრიფცია შევა.
,,ჩვენ ადგილებისთვის სახელის შეცვლას კი არ ვაპირებთ, ჩვენ მათ სახელებს აღვუდგენთ. ჩვენი გეოგრაფიული ობიქტები თავიანთ უძველეს, ორიგინალურ სახელებს უნდა ატარებდნენ.” - აღნიშნა ბარციცმა.
მისი თქმით, ამ საკითხს ჯერ ოკუპირებული აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან შეათანხმებენ, შემდეგ კი განსახილველად აფხაზეთის ე. წ. მინისტრთა კაბინეტს და პარლამენტს გადასცემენ.
ლევარდ ბარციცი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გეოგრაფიულ ობიექტებს ყველა სხვადასხვაგვარად მოიხსენიებს.
,,ჩვენ ვხედავთ, როგორი განუკითხაობაა ამ საკითხთან დაკავშირებით. თანამედროვე აფხაზეთში ადგილების როგორ დასახელებას არ შეხვდებით: ჩედიმი, ანუშკა, კლდოვანი, ქვიანი და ა. შ.
მსოფლიოში ყველაზე ღრმა უფსკრულს, რომელსაც სპელეოლოგები თავიანთი შეხედულების მიხედვით ,,ვორონიას” ეძახიან, აქვს თავისი უძველესი სახელი და მას ,,ზოოტიში” ეწოდება.” - აცხადებს ბარციცი.
მისი თქმით, სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოფხვრას ემსახურება მათ მიერ შემუშავებული პასპორტები, რომელთა მიხედვითაც ყველა ადგილს თავისი ,,ძველი სახელი” დაუბრუნდება.