გუშინ საღამოს, ოდესაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინის პოლიტიკაში კარიერის გაკეთებას არ აპირებს.
,,მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები. არც ქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ და არც უკრაინის პოლიტიკაში წინ წაწევას. თუ გაინტერესებთ, რატომ დავთანხმდი ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, გეტყვით.
უპირველესად, მე არც ისე იმპორტირებული პროდუქტი ვარ, ვინაიდან ჩემი ცხოვრების 8 წელი უკრაინაში მაქვს გატარებული.” - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში. მისი ტქმით, როგორც პიროვნება, ის უკრაინაში ჩამოყალიბდა, ვინაიდან 16 წლიდან ცხოვრობდა იქ, სასაზღვრო ჯარებშიც უკრაინაში მსახურობდა, საუბრობს უკრაინულ ენაზე და მისი მეგობრების უმეტესობაც უკრაინელები არიან.
სააკაშვილის განცხადებით, არც ის უნდა დაივიწყონ, რომ ის უკრაინის ორ რევოლუციაში მონაწილეობდა.
,,ასევე, მე ვიყავი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე. მთავაზობდნენ ვიცე-პრემიერის პოსტს, რაც ჩემთვის ძალიან საპატიო თანამდებობა იყო, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, თუ სადმე რაღაცით დახმარება შემეძლებოდა და ამას კარიერის რისკის ფასად ვერ გავაკეთებდი...
- ჯანდაბას კარიერა და ამბიციები, თუ უკრაინას არ გამოუვა, ეს ყველას ძვირად დაუჯდება.
ამ ბრწყინვალე ქვეყნის დახმარება - ესაა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნვაზე ჩემი თანხმობის მოტივაცია.” - განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, რეგიონში უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით აუდიტორული შემოწმებები ჩატარდება, რადგან აუცილებელია იცოდნენ, სად წავიდა ხალხის ფული.
,,სამომავლოდ იმის ცოდნა აუცილებელია, თუ ვინ იპარავდა, ვინ ვის ქრთამს აძლევდა და სხვა.” - აღნიშნა სააკაშვილმა და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ოდესის ოლქი უკრაინაში ყველაზე ძლიერი რეგიონი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, იქ მშვიდობა შენარჩუნდება.