იუსტიციის ექს–მინისტრის ზურაბ ადეიშვილის პროგნოზით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაბრუნდება ხელისუფლებაში, მხოლოდ თვით ადეიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს. ამის შესახებ ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამ ახალ გუნდში შეიძლება არ იყოს ბევრი ძველი სახე და მათ შორის ცალსახად მე“, – განაცხადა ადეიშვილმა
ამასთანავე ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს იმასაც, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის წესი უნდა შეიცვალოს.
„პოლიტიკური დისკუსიის ის დონე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში ნამდვილად უნდა შეიცვალოს. აუცილებელია უფრო სხვა ტიპის პოლტიიკური ცხოვრევის შემოტანა ქვეყანაში, მათ შორის კოალიციური მმართველობების, მათ შორის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების წესის. საქართველოს წინაშე აღარ დგას ის ამოცანები, რაც იდგა 10 წლის წინ, შესაბამისად უფრო მნიშვნელოვანია გადავიდეთ ისეთი ტიპის პარტიულ საქმიანობაზე, როგორიც არის აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში. ბუნებრივია იზრდება შანსი, რომ განახლებულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მყოფი ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ძალიან მალე დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, - აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.