პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, აუცილებელია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ზედამხედველობა, რადგან მისი მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია სად და როგორ სრულდება, ან არ სრულდება იგი.
უსუფაშვილმა საკანონმდებლო პროცესებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი კანონი მკვდრადშობილი აღმოჩნდება ხოლმე.
"პარლამენტის მიერ კანონის მიღებისა შემდეგ, თითქოს საკანონმდებლო პროცესი დასრულდა. აი, აქ არის დიდი პრობლემა. სინამდვილეში კანონი ის არის, რომელიც ამის შემდეგ იწყება, ანუ მიღებული კანონი მერე იწყებს სიცოცხლეს, მანამდე ფორმირების პროცესია. ძალიან ხშირად გვემართება ის, რომ იქ ვამთავრებთ პროცესს, რომელიც სინამდვილეში იწყება, ანუ მიღებული კანონი სად როგორ მუშაობს, როგორ არ სრულდება და ასე შემდეგ... მე თუ მკითხავთ, აქ უფრო დიდია პრობლემა, ვიდრე მის მიღებამდე და გამოქვეყნებამდე, რადგან ამ მომენტისათვის გაზრდილია ინტერესი, მონაწილეობა, ჩართულობა, რაღაცას ველით, როცა ბავშვი უნდა იშვას და იშვება თუ არა, მერე თავს ვანებებთ. ამიტომ ბევრი კანონი მკვდრადშობილი გამოდის – მკვდრადშობილია იმიტომ, რომ დაევალა ვიღაცას რაღაცა, რაც კეთდება ან არ კეთდება. რაც მთავარია, პროცესის ის ნაწილი, თუ როგორ მუშაობს კანონი – მასზე იყოს მუდმივი ზედამხედველობა, დროზე მოხდეს კორექტირება, რაღაცის დამატება, ცვლილება, თუკი საჭიროა, ეს ძალიან გვიგვიანდება ხოლმე, ვიდრე რაიმე სერიოზულ პრობლემას არ წავაწყდებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა კანონის წერის სტილზე და განაცხადა, რომ ერთი ქიზიყურად არის დაწერილი, მეორე – მეგრულად, მესამე - მთიულურად და ასე შემდეგ. პარლამენტის ტავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და ყურადღებას მოითხოვს.