პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რეგიონული და მსოფლიო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ჩინეთთან ძალიან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც მან ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეს ჩენგ ჩანგჭთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე გაიზარდა ჩინური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული პროდუქციის, კერძოდ ღვინის ექსპორტი ჩინეთში.
„მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკებები რეგიონული და მსოფლიო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. საქართველო ,,ახალი აბრეშუმის გზის“ სარტყელის მშენებლობაში უმნიშვნელოვანეს პოზიციებს იკავებს და ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზულ პერსპექტივებს ქმნის.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩინეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. აქედან გამომდინარე, ჩინეთის მზარდი აქტიურობა ჩვენს რეგიონში საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაც იქნება. ჩვენ პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე შევთანხმდით და ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად ძალიან მალე, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩინეთს ეწვევა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.