პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშის წარდგენისთვის მადლობას უხდის. სასტუმრო ,,ქორთიად მარიოტში” ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ საქართველოს თანამედროვე დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მექანიზმი არის სწორედ მსგავსი ანალიზების ყურადღებით გაცნობა.
,,ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ამ ანალიზს, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ორიენტირი იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა მიმართულებით შესაძლოა იყოს პრობლემები, ასევე იმის შესახებ, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს როგორც თანამედროვე, ევროპული, სახელმწიფო. თანამედროვე, ევროპული საქართველო კი გულისხმობს ინსტიტუტების მიერ ერთმანეთის მუშაობის ბალანსს, ერთმანეთის გაკონტროლებას და ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას - აქტიურ მონაწილეობას არა სიჩუმის რეჟიმში, არამედ ღია, გახსნილი დიალოგის კონტექსტში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები მისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშში, არსებული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად, არაფორმალური მმართველობის ნიშნებია დასახელებული.