მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ირაკლი ალასანიას „რეკორდის დამყარება“ მიულოცა და სახუმარო ფორმით თავისი ავტოგრაფი შესთავაზა. ასე უპასუხა შოთაძემ "რეაქციის“ ეთერში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ბრალდებს. გადაცემის მსვლელობისას ირაკლი ალასანიამ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი ე.წ. კაბელების საქმის ბოლომდე მიყვანის სანაცვლოდ შოთაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობას დაპირდა.
"წელიწადნახევარზე მეტია, რაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე იყო. მასმედიის საშუალებით ბევრი განცხადებები გაკეთდა ჩემს და გიორგის [ბადაშვილის] მიმართ, თუმცა მე მინდა მივულოცო ირაკლი ალასანიას, იმიტომ რომ დღეს მან რეკორდი დაამყარა, არასდროს, პირდაპირ ეთერი ჩემი სახელი და გვარი ამდენჯერ არ უხსენებიათ, არ ვიცოდი ასეთი პოპულარული თუ ვიყავი მისთვის, თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო და შევთავაზო მას, თუ სურს, შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.
ამასთანავე ირაკლი შეთაძე ამტკიცებს, რომ ალასანიამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურის მტკიცებულებათა ბაზის არქონასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ საქმესთან მიმართებაში უწყებამ მტკიცებულებების 21 ტომი მოიპოვა.
„არ ვიცი რატომ ხდება ცრუ იმფორმაციის გავრცელება – ეს არის მიზანმიმართული პიარი თუ შეცდომაში შეყვანის მცდელობა?! დღეს სასამართლომ დაუშვებლად სცნო პროკურატურის მხოლოდ ერთი მტკიცებულება და ისიც ნაწილობრივ. <...> არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაბამისი პროცედურები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ, – აღნიშნა შოთაძემ და დაამატა: ნურავის ექნება მოლოდინი, რომ შერჩება ხალხისგან მოპარული საბიუჯეტო თანხები.“