მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის თქმით, საქართველოს პროკურატურა იმედგაცრუებულია გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის შედეგებით. ამის შესახებ შოთაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
"საქართველოს პროკურატურა იმედგაცრუებულია ამ სასამართლო პროცესის შედეგებით, სამწუხაროდ დაგვაკლდა გამამტყუნებელი განაჩენისათვის ერთი ნაფიცი მსაჯულის ხმა, რასაც ნამდვილად არ მოველოდით, იქიდან გამომდინარე რა მტკიცებულებებიც არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და რა მყარი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ლაშა მახარაძე მოკლული იქნა გიორგი ოქროპირიძის მიერ.
გარდა ამისა, მთავარი პროკურის მოადგილემ აღნიშნა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ლაშა მახარაძის დედის გულისწყრომა, მაგრამ, მისი თქმით, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში საქმის ბედი დამოკიდებული არის ნაფიცი მსაჯულების, ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეების, არაპროფესიონალი იურისტების გადაწყვტილებაზე.“
„შესაბამისად აქ პროკურატურა უძლური არის. მე შემიძლია დავპირდე და ვუთხრა მოკლული ლაშა მახარაძის დედას, რომ საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს ამ საქმეზე მუშაობას, ჩვენ ძალიან დიდი მოშაობა გავჭიეთ და გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ამ საქმეზე დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი, რომ ნაფიც მსაჯულებს მიეღოთ გამამტყუნებელი ვერდიქტი, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი ნაფიცი მსაჯულების პროცესზე ჩვენ ამას მოვახერხებთ და სამართლიანობა იზეიმებს",- განაცხადა შოთაძემ.