იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა სჭირდება და იუსტიციის სამინისტრო ამ პროცესზე მუშაობს.
მისივე თქმით, თავად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების წინააღმდეგია. ბარამიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა ასევე, რომ გაუქმება ვერც მოხერხდება, სანამ შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში არსებობს.
„ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თობაზე საუბარია კონსტიტუციაში, შესაბამისად, ის მანამდე ვერ გაუქმდება, სანამ ეს ჩანაწერი იქნება“, - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის არ გამოტანა მოულოდნელი აღმოჩნდა ბრალდების მხარისთვის. როგორც პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ განაცხადა, გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 11 ივნისს ეწურება და შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ საპატიმრო შესაძლოა დატოვოს.
ახალ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 10 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და იმ შემთხვევაში, თუ მეორე შემადგენლობამაც კვლავ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ითვლება.
25 წლის ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, იგივე „ოქრიკა“ იმავე წლის სექტემბერში დააკავეს.