პარლამენტის კინოდარბაზში, თბილისში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრები საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდებიან.
აღნიშნულ თემატურ შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ და გაესაუბრონ კომიტეტების თავმჯდომარეებსა და წევრებს, რომლებიც კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, კომიტეტების პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება, აგრეთვე, კომიტეტების მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები. შემდგომ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია საექსკურსიო ტური, გიდის თანხლებით, რომლის დროსაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ პარლამენტის სტრუქტურას, კანონშემოქმედებით საქმიანობას და, ზოგადად, საკანონდებლო პროცესს. საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე საზოგადოებრივი განათლების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, აგრეთვე, პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობასა და პროგრამებში მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვა ინტერეს-ჯგუფების აქტიური მონაწილეობის და ჩართულობის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად პარლამენტის კომიტეტების სტუდეტებთან შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება. თითოეულ თემატურ შეხვედრაზე, ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობიდან, შინაარსიდან და თემიდან გამომდინარე, მოწვეული იქნება სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებში ჩართული 50-დან 60-მდე სტუდენტი.