თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, გაეროში მიღებული რეზოლიცია, საქართველოს საგარეო უწყების წარმატებაა, რაც ოპოზიციამაც უნდა დააფასოს.
,,ყველასთვის ცნობილია, რამდენად რთულია გაერო-ში თითოეული ხმის მოპოვება. მახსოვს ისტერიკა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით შარშანდელი. ოპოზიციისგან ველოდები განცხადებებს ჩვენი საგარეო უწყების კარგად მუშაობის შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ გაერო-ში საქართველოს ელჩს კახა იმნაძეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთულია თითო ხმის მოპოვება გაერო-ში,“ - განაცხადა მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, გუშინ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 69-ე სესიაზე მიიღო მორიგი რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რითიც კიდევ ერთხელ დევნილთა ფუნდამენტური უფლებები დაადასტურა. რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი მიმდინარე წელს 75 სახელმწიფომდე გაიზარდა.