ყოფილი სახალხო დამცველის, "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის შეფასებით, სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მიერ მომზადებული ანგარიშსაც "პარლამენტის თაროზე შემოდება" ელის.
"მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ტუღუშის მიმართ პარლამენტის დამოკიდებულება ჩემთან შედარებით ლოიალურია, მის ანგარიშშიც იგივე საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება რასაც, მე წელები ვაპროტესტებდი. ამიტომ, ახლა პარლამენტი უხერხულ მდგომარეობაშია. ერთის მხრივ არ უნდათ ტუღუშის გაკრიტიკება და მეორეს მხრივ ამ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს ვერ აღიარებენ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში რეზინის ტყვიების გამოყენება კვლავ უკანონოდ არის მიჩნეული. ასევე საუბარია ციხეში წამების ფაქტების მომატებაზე, რაზეც ჯერ კიდევ 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშშიც იყო საუბარი, თუმცა პარლამენტმა მაშინ სუბარის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
"თუ პარლამენტი ახლა გიორგი ტუღუშის ანგარიში რეკომენდაციას გაითვალისწინებს და რეზინის ტყვიების გამოყენების კანონგარეშედ გამოაცხადებს, მაშინ პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაგადგეს, ასეთივე ვითარებაა ციხეებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც. ამას კი პარლამენტი არასდროს გააკეთებს, ამის გათვალისწინებით, კი ტუღუშის ანგარიშსაც იგივე ბედი ელოდება, რაც ჩემს მიერ მომზადებულ ანგარიშებს", - განაცხადა სუბარმა.
შეგახსნებათ, რომ 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების დონზე უკვე დაიწყო. სახალხო დამცველის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ ვითარებაზეა გამახვილებული და აღნიშნულია, რომ ამ დრომდე ციხეებში პატიმართა წამების ფატები კვლავ ხდება.