ესტონეთის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. თომას ჰენდრიკ ილვესმა დავით უსუფაშვილთან პირისპირ მოლაპარაკება გამართა.
"ეტონეთის პრეზიდენტმა ამ შენობაში შემოსვლისას გაიხსენა მისი ბოლო ვიზიტი ამ შენობაში. ეს იყო 2008 წლის აგვისტო, ის დღეები, როდესაც რუსეთის არმია საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ჯერ კიდევ ბომბავდა ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბატონი ილვესი იყო ერთ-ერთი პირველი, პრეზიდენტებს შორის, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, მიუხედავად დახურული საჰაერო სივრცისა და პრობლემებისა და ამით ფასდაუდებელი დახმარება აღმოგვიჩინა," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ერთობლივ გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის რუსულ აგრესიაზე, რუსეთის მცდელობაზე აღადგინოს საბჭოთა იმპერია. უსუფაშვილის თქმით, რუსეთის გეგმებში არის საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნები და ტერიტორიები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების საკითხს.
ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მყარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
"ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ძალიან მყარი გარანტია იმისა, რომ ესტონეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ და აქტიურ ლობისტად ნატოსა და ევროინტეგრაციის პროცესში," - განმარტა უსუფაშვილმა.