საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია და მას კარგად ესმის რა უხარიათ ქართველებს. ამის შესახებ პრემიერმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში სტუმრობისას განაცხადა, სადაც სასახლის რესტავრაციის პროექტის პრეზენტაციას რიჩარდ ნორლანდთან ერთად დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წვლილი დადიანების კომპლექსის გადარჩენის საქმეში და განაცხადა, რომ ეკატერინეს სასახლის პროექტირება ელჩის ფონდიდან დაფინანსდა.
„რიჩარდ ნორლანდი გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია. იგი ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენს გულს წვდება. მან კარგად იცის, რა უხარია ქართველ კაცს, კარგად იცის ქართული კულტურისა და ისტორიის ფასი და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ელჩის მისია საქართველოში ივლისში სრულდება და მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის ელჩს საჩუქრად ეკატერინეს სასახლის სურათი გადასცა.