აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს. როგორც არჩილ ხაბაძე აცხადებს, 2016 წლის არჩევნებამდე, ანუ ლეგიტიმური დროის ამოწურვამდე პოსტზე დარჩენას გეგმავს.
"წყაროს საიდანაც ეს ინფორმაცია მოდის ბევრი აბსურდული ინფორმაცია გაუჟღერებია. მე არ ვადასტურებ და აბსურდულს ვუწოდებ ამ ფაქტს. მინდა გითხრათ აჭარის თუნდაც საინვესტიციო პოტენციალზე, საინვესტიციო კლიმატზე, რომლის დინამიკა ბოლო წლებში მზარდია. ამით ვერ იქნება უკმაყოფილო ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ფინანსებში და ზოგადად საინვესტიციო გარემოში. ამიტომ ვიტყვი, რომ კიდევ ერთი ჭორია, რომელსაც ალბათ მოსახლეობა არ უნდა აყვეს. მე კიდევ ვადასტურებ რომ 2016 წლის არჩევნებამდე, ჩემი ლეგიტიმური დროის ამოწურვამდე დავრჩები ამ პოზიციაზე და გავაგრძელებ მუშაობას. ჩვენ ამის შესაძლებლობაც გვაქვს, რადგან ჩვენი მუშაობა წარმატებულია და ამას მოსახლეობაც ადექვატურად აღიქვამს”, - აღნიშნა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას არჩილ ხაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ერთ-ერთმა ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა არჩილ ხაბაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ჯემალ ინაიშვილი ჩაანაცვლებს. როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი კი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი არჩილ ხაბაძის მუშაობით უკმაყოფილოა.