ენმ და ,,აფხაზთა კრება” დევნილების მძლავრი მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ მათ ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ენმ-ს წევრის შოთა მალაშხიას განცხადებით, "აფხაზთა კრების" წარმომადგენლები მელიქიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტის ღობეზე პლაკატებს აკრავდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მსგავსი პრობლემები "აფხაზთა კრების" წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეექმნათ.
რაც შეეხება პლაკატების შინარსს, ისინი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნას და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომას შეეხება.
მალაშხიას განმარტებით, თბილისის საკრებულოს დადგენილებით გათვალისწინებულია, რომ მსგავსი შინაარსის პლაკატების გაკვრა სწორედ სამშენებლო ტერიტორიის შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზეც არის შესაძლებელი.
,,ვაპირებ ხვალ, 14:00 საათზე მათთან ერთად მივიდე იგივე ადგილზე და გავაკრათ ეს პლაკატები. თუ ასეთივე წინააღმდეგობა იქნა, გპირდებით ამ პლაკატებს გავაკრავთ შუშის სასახლეში, რომ პირდაპირ იმ ადამიანმა ნახოს, ვინც ამ პლაკატების გაკვრას კრძალავს. ამიტომ არა მარტო ამ, არამედ სხვა აქტებითაც "აფხაზთა კრებასთან" ერთად ვაპირებთ დევნილების მძლავრი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ", - განაცხადა მალაშხიამ.