ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი ძირითადად უკრაინიდან, სირიიდან და ერაყიდან ჩამოსული ადამიანები არიან.
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარდგენისას მინისტრმა აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრი მარტყოფში ფუნქციონირებს და ის 60 პირზეა გათვლილი. მისი თქმით, რეგიონში არსებული კონფლიქტური წერტილების გამო, თავშესაფრის მაძიებელტა რაოდენობა იმატებს და შესაბამისად ცენტრის გაფართოების აუცილებლობა დგება.
,,2014 წელს, მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრის მეორე შენობის მშენებლობა დაიგეგმა, სადაც სამინისტრო დამატებით უზრუნველყოფს მინიმუმ 72 ადამიანის განთავსებას. უკანასკნელი მონაცემებით, სტატუსის მატარებლები, ძირითადად, ჩეჩნები არიან, ხოლო თავშესაფრის მსურველები სირიის, ერაყისა და უკრაინის წარმომადგენლები“, - განაცხადა სუბარმა.
მინისტრისინფორმაციით, 341 პირს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა, 446 პირს ჰუმანიტარული სტატუსი, ხოლო 719 პირი კი სტატუსის მაძიებელია.