თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საერთაშორისო ქართულ-ფრანგულ ასოციაცია GFA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ქართული მხრიდან მემორანდუმს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ხოლო ფრანგული მხრიდან კი ასოციაციის პრეზიდენტმა კატრინ ღუსსელმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, საერთაშორისო ქართულ-ფრანგულ ასოციაცია GFAდედაქალაქის საკრებულოს საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქთან მეგობრობული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს.
ეს კი მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ინვესტირების მოზიდვის, ასევე სოციალური, სამოქალაქო, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, პროფესიული საქმინობის ფარგლებში გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
მემორანდუმის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, საფრანგეთის საელჩოსა და კონკრეტულად საფრანგეთის ელჩის თანადგომით, ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კუთხით არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.
,,მხარეები საფრანგეთთან სოციალური პროექტების დაგეგმარებაშიც ითანამშრომლებენ. მათი ურთიერთხელშეწყობის საფუძველზე განხორციელდება საერთაშორისო პროექტები, შედგება მიზნობრივი ადმინისტრაციული თანამშრომლობა’’,-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საერთაშორისო ქართულ-ფრანგულ ასოციაცია GFA აპრილში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის წარმომადგენლობას შეხვდა, რომელზეც მხარეებმა ასოციაციის ძირითად მიზნებზე ისაუბრეს და მემორანდუმის სახით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.