საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო, უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა, წარმოუდგენელია.
როგორც მან დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭება ან დაძაბვა არ არის მოსალოდნელი.
„მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელია. ეს არც უნდა იდგეს დღის წესრიგში, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ იმ მეგობრული, პარტნიორული, ტრადიციული და ისტორიული კავშირებიდან, რაც საქართველოს და უკრაინას აქვს,“ - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისივე თქმით, უკრაინა დღეს მძიმე მდგომარეობაშია და საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზადაა მათი თანადგომისთვის.
„ეს ურთიერთობები გაგრძელდება. უკრაინა დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ომის ვითარებაშია, ქვეყანას სჭირდება განვითარება, გვერდში დგომა, მხარდაჭერა და საქართველოს ხელისუფლება, მისი ნებისმიერი შტო მზადაა, მათ გვერდზე დადგეს. ეს არის ჩვენი პასუხი,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სპიკერმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ის ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.