იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ფორმალურად რჩება საქართველოს მოქალაქე და „ეს საკითხი დამოკლეს მახვილივით ეკიდება მის თავზე“. ამის შესახებ თეა წულუკიანმა "იმედის კვირაში" განაცხადა. ამასთანავე გადაცემის მსვლელობისას მინისტრმა ისაუბრა იმ პროცედურაზე, რომლის გატარების შედეგად საქართველოს მე-3 პრეზიდენტს შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა.
„სააკაშვილი უკვე გახდა უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ფორმალურად, ქაღალდზე, ის ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას მანამ, სანამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო არ შეადგენს დასკვნას და არ მიმართავს პრეზიდენტ მარგველაშვილს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით. მე არ ჩავვარდებოდი ცაიტ-ნოტში, რადგან სააკაშვილმა ყველა ბერკეტი ხელში მოგვცა და ახლა ბურთი ჩვენს მოედანზეა. ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ წყნარად, მშვიდად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას საქართველოს მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთანავე მინისტრმა არ დაასახელა კონკრეტული ვადები და აღნიშნა, რომ ამ საკითხხის გადაწყვეტას პოლიტიკურ მნიშვნელობა აქვს.
"ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ტემპით იქნება მიღებული, რა ტემპითაც იქნება გადაწყვეტილი. თუკი ეს შეწყვეტა ავტომატურად გააუქმებს ყველა იმ ექსტრადიციის პროცედურას, ეს შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში და შეიძლება ხვალ. სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის პროცედურები... ამ მომენტში ირკვევა, როგორ წავა ჰააგაში სხვადასხვა პროცედურებიც“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.