ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ივნისს, 11:00 საათზე გაგრძლედება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დაცვის მხარეს შეატყობინეს, რომ პროცესი ხვალ გაიმართებოდა. თუმცა, მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ პროცესი 5 ივნისს გაგრძელდება. სხდომის გადადების მიზეზად პროკურორების მოუცლელობა დასახელდა.
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას შეეხებოდა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა კი კომპანია „სილქნეტი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, „სილქნეტმა“ 6 მილიონი ლარი მიიღო.