ოსი სეპარატისტები ადასტურებენ საქართველოს კიდევ 5 მოქალაქის დაკავებას. მათი ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა მორიგი ე. წ. საზღვრის დამრღვევთა ჯგუფი დააკავეს. განცხადებას 5 ქართველის დაკავების შესახებ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. უშიშროების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქართველები დაკავებულ იქნენ იმ დროს, როდესაც ზნაურის რაიონის ოსურ სოფელ ბალთაში გადასვლას ცდილობდნენ.
"დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 1956 წელს დაბადებული თამაზ ხარაზიშვილი, 1968 წელს დაბადებული გენადი ხარაზიშვილი, 1971 წელს დაბადებული რობიზონ ხარაზიშვილი, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ჯერანოვი და 1975 წელს დაბადებული ფრიდონ ჯერანოვი ქარელის რაიონის დასახლებულ პუნქტ ჭვინისის მაცხოვრებლები არიან. მათი მონათხრობიდან ირკვევა, რომ ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მოხვედრას ცდილობდნენ, რათა ბალთაში გადასულიყვნენ. მათი თქმით, ბალთაში ისინი სამუშაოდ მიიწვიეს. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა და იგი სინამდვილეს არ შეესაბამება", _ აცხადებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური.
ოსური მხარე იუწყება, რომ ამჟამად ოს სეპარატისტთა ლიდერსი ედუარდ კოკოითის ე. წ. რწმუნებულის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევის აპარატის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემულია მიმართვა, სადაც სეპარატისტები ქართული მხარისგან დაკავებულების ვინაობის დოკუმენტალურ დადასტურებას ითხოვენ. აღასნიშნავია, რომ დაკავებისას საქართველოს მოქალაქეებს არავითარი დოკუმენტი თან არ ჰქონდათ.
"აუცილებელი დოკუმენტების მიღების შემდეგ აღნიშნულ ფაქტზე ყველა დოკუმენტი რესპუბლიკის სასამართლო ორგანოებს გადაეცემა, რათა მათ დამრღვევთა მიმართ ადმინისტრაციული ზომები გაატარონ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ დარღვევის გამო", - იუწყება ოსური მხარე.