დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ სამწუხაროდ გვქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც ხელისუფლების მმართველობის ორი წელის შეფასებას ეხება.
"დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა. რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულია მთავრობა, გამართულად მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, გვინდა რომ კიდევ უკეთესად იყოს ყველაფერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შენიშვნას არ ვიზიარებთ", - განაცხადა ცქიტიშვილმა, რომელიც კონფერენციაზე მთავრობის კომენტარებს წარმოადგენს.
მისივე თქმით, მთავრობა ძალიან აფასებს არასამთავრობოების მიერ მთავრობისთვის შეფასებების წინასწარ გაცნობის და კონფერენციისთვის კომენტარების მომზადების შესაძლებლობის მიცემას.
"ძალიან ვაფასებ იმ შესაძლებლობას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვცეს, რომ ჩვენ განგვეხილა ეს ანგარიში წინასწარ, ვიდრე ეს პრეზენტაცია იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები და ჩვენც ასევე მოვამზადეთ ეს კომენტარები ამ ანგარიშეზე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კონფერენცია სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” მიმდინარეობს.