სოსო რობაქიძის თქმით, საქართველოში ახალი გახმაურებული მკვლელობებია მოსალოდნელი. ამის შესახებ მან გადაცემა „2030“-ში განაცხადა.
„რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა, იმიტომ რომ საქართველოს არ გააჩნია საზღვრები და სახელმწიფოს არ გააჩნია უნარი დაიცვას თავისი მოქალაქეები. ადამიანი რომ მოკლავს სხვა ადამიანს და ერთ საათში ქვეყნიდან გავა, რასაც დაახლოებით იძახიან პროკურატურაში, თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი გასასვლელი [უკონტროლო] გააჩნია ქვეყანას“, - განაცხადა რობაქიძემ.
ამასთანავე ბუტა რობაქიძის მამამ აღნიშნა, რომ კონკრეტული იმფორმაცია მოსალოდნელი მკვლელობების თაობაზე არ გააჩნია და ის მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს, რადგან ძალოვანთა სტუქტურების ყოფილი მაღალჩინოსნები და წინა ხელისუფლების პოლიტიკური სახეები, რომლებიც, მისი თქმით, ეჭვმიტანილები არიან სხვადასხვა დანაშაულებებში, ან არ არიან დაკავებულები ან იმყოფებიან საზღვარგარეთ. რობაქიძის თქმით, სწორედ ისინი არიან დაინტერესებულნი, რომ საქართველოში არ შესრულდეს სამართლიანობის აღდგენა.
გარდა ამისა, სოსო რობაქიძემ ხაზგასგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა სამართლიანობის აღდგენის პროცესი.
„ჩვენ ვითხოვთ რეჟიმის დასჯას. ამ რეჟიმში შედის მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები და ა.შ. საქართველოში ლაპარაკი სამართლიანობის აღდგენაზე არ დასრულდება და მე პირადად არ გავჩერდები, სანამ არ ვიხილავ მიხეილ სააკაშვილს და ადეიშვილს გისოსებში. ამიტომ არის ჩვენნაირი ხალხი საშიში მათთვის“, - განაცხადა რობაქიძემ და დაამატა: “უკრაინაშია ის ბუდე სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ამეებს [მკვლელობებს] ჩადის. აქ უნდათ არეულობის დაწყება. იური ვაზაგაშვილის სიკვდილის შემდეგ უნდა მომხდარიყო ძალიან დიდი ამბავი, მაგრამ ხელი შევუშალეთ და „პადნოსზე“ ნაციონალებს ვერ მივართვით არეულობა“.
„მე ჩემს ქვეყანაში თავს ვგრძნობ დაუცველად. <...> გაუვიდათ ვაზაგაშვილის სიკვდილი, ხარძიანის სიკვდილი გაუვიდათ. ვერ იჭერენ [დამკვეთებს]“, - დასძინა სოსო რაბაქიძემ.