ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წევრები გასული წლის მოვლენებს იხსენებენ, როცა ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა და მათმა მომხრეებმა ე. წ. პრეზიდენტის პოსტიდან ალექსანდრე ანქვაბის გადადგომა მოითხოვეს.
მათი რამდენიმედღიანი პროტეტსის შემდეგ ანქვაბი გადადგა და ოკუპირებულ აფხაზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
,,ეს იყო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებული კრიზისი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა და პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის კრიზისში გადაიზარდა.
პარლამენტის გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლება არ ასრულებდა. განსაკუთრებით ეს პასპორტიზაციის საკითხების მოგავრებაში აისახა.
ყოველივე ეს ჩვენმა საზოგადოებამ მტკივნეულად მიიღო და ადეკვატური რეაგირებაც გამოავლინა.
ზოგიერთს დღეს ამის დავიწყება ურჩევნია, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ათობით ათასი ადამიანი სამთავრობო კომპლექსთან უმიზეზოდ არ იკრიბება.” - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა, პასპორტიზაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ასლან კობახიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტის ყოფილ სპიკერს და ამჟამად საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,აბზანხარას” ლიდერ ნუგზარ აშუბას კი - პირიქით, მიაჩნია, რომ 2014 წლის 27 მაისს აფახზეთმა ,,პანდორას ყუთი” გახსნა და მთავრობის გადაყენების პრეცედენტი შექმნა, რისი გაკეთებაც საჭირო არ იყო.
,,საწყენი ის კი არ არის, რომ ხელისუფლება შეიცვალა, არამედ ის, რომ ეს ყველა წესის, კანონის და რაც მთავარია, კონსტიტუციის დარღვევით მოხდა.
ხელისუფლებაში მოვიდა ხალხი, რომლებიც ასევე ჩვენი თანამოქალაქეები არიან. რა თქმა უნდა, მათ ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ეს სხვანაირად უნდა მომხდარიყო...
რატომ უნდა დაეტოვებინა ალექსანდრე ანქვაბს თანამდებობა?
ის ძალიან განათლებული ადამიანია, ამ თანამდებობაზე მას შეიძლება სათანადო სიბრძნე არ ეყო, თუმცა ასეთ დამოკიდებულებას, ნამდვილად, არ იმსახურებდა.
მე მას კი არ ვიცავ, უბრალოდ განვიცდი, რადგან ის რაც ერთხელ უკვე მოხდა, კიდევ შეიძლება განმეორდეს.” - აცხადებს ნუგზარ აშუბა.
გასული წლის მოვლენებს აფხაზი ხალხის გამოცდად აფასებს ე. წ. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ლოგუაც, რომლის განცხადებითაც, ყველაზე ცუდი, რაც 2014 წლის 27 აპრილს მოხდა, ის იყო, რომ მთავრობა უკანონოდ გადააყენეს.
,,ძნელია თქვა, ვინ უფრო მეტად დამნაშავეა, ისინი, ვინც მაშინ ხელისუფლებაში ვიყავით და ვითრება კრიტიკულ ზღვრამდე მივიყვანეთ თუ ის ხალხი, ვინც ამით ისარგებლა და არასამართლებრივი ქმედებები განახორციელა. ფაქტი კი ერთია, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი და პოზიცია მსოფლიოში დღეს ბევრად დაბალია, ვიდრე 2008-2011 წლებში იყო, როცა ჩვენ იურიდიულად და ფაქტობრივად დამოუკიდებლები ვიყავით.” - აღნიშნა ლოგუამ.